საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას ესწრებოდა, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ხდება.
ინაუგურაციის ცერემონიალის დასრულების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მუშაობის დაწყებას არც უკრაინაში და არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გარდა საქართველოსი.
"ჩემი ყველა აზრი და ფიქრი საქართველოს უკავშირდება. მე არ ვაპირებ სხვა ქვეყნებში რაღაც თანამდებობების დაკავებას და არ ვაპირებ სხვა სახელმწიფოების თანამდებობის პირების მრჩეველი გავხდე",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და განმარტა, რომ მას ურჩევნია მიიღოს გადაწყვეტილებები და ისინი შეასრულოს, ვიდრე უბრალოდ რჩევები მისცეს ვინმეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ამასთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ მას უკრაინაში ჰყავს მეგობრები, რომლებსაც "დიდი სიამოვნებით დაეხმარება".
შეგახსენებთ, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს ეკონომიკის ექს მინისტრმა კახა ბენდუქიძემ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლების თანამდებობები შეიძლება დაიკავონ უკრაინული პარტია "უდარ"-ის ლიდერმა, ამჟამად კი კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.