„ჩვენ ეტაპობრივად ვაგვარებთ საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ ელემენტარულ პრობლემებს, რადგან ძალიან მძიმე მემკიდრეობა გვერგო" -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ონის რაიონის სოფელ ბოლთას მოსახლეობასთან შეხვედრისას .
მთავრობის მეთაური სოფელში არსებულ პრობლემებს დღეს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემას წარმოადგენს დაზიანებული გზები და გაზიფიცირება . მოსახლეობამ პრემიერს მთის კანონის დროულად მიღების თხოვნითაც მიმართა. როგორც პრემიერმა ადგილობრივებს განუმარტა, კანონი მთიანი რეგიონების შესახებ სექტემბერში იქნება მიღებული. რაც შეეხება გზისა და გაზიფიცირების საკითხებს, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ბუნებრივი აირის შემოყვანა ონში მიმდინარე წელს იგეგმება, ხოლო დაქსელვა მომავალი წლიდან დაიწყება, გზასთან დაკავშირებით კი საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრობლემად რაიონში არსებული მძიმე დემოგრაფიული ვითარება დაასახელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მთავრობის დემოგრაფიულ ინიციატივაზე მიაწოდა ინფორმაცია და განუმარტა, რომ მაღალმთიან რეგიონებში მესამე და მომდევნო შვილზე დახმარების სახით 200 ლარი გაიცემა, ხოლო ბარში 150 ლარი. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებს.
მასალის გამოყენების პირობები