დღეს თბილისის იუსტიციის სახლს კატარის დელეგაცია ესტუმრა. იუსტიციისა და ადმინისტრაციული დაგეგმარების სამინისტროების წარმომადგენლები სერვისცენტრში მუშაობის პროცესს დააკვირდნენ და იუსტიციის სახლის კონცეფციის შესახებ სპეციალური პრეზენტაციაც მოისმინეს.
კატარის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოწვევით იმყოფება. ეს ერთგვარი გაგრძელებაა კატარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა წარმატებული ვიზიტისა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში განხორციელდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავის კატარელ კოლეგასა და მთავრობის სხვა წევრებს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები აპრილის ვიზიტის ფარგლებში გააცნო. კატარელთა ყველაზე მეტი ინტერესი სწორედ იუსტიციის სახლმა გამოიწვია. მათ სერვისცენტრის კონცეფციის გაცნობისა და ექსპორტის სურვილი გამოთქვს, რის შემდეგაც თეა წულუკიანმა მასპინძლები ზუგდიდში იუსტიციის სახლის გახსნაზე დაპატიჟა. თუმცა, მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, კატარის დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლების ფუნქციონირების სპეციფიკის უკეთ შესასწავლად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ესტუმრებიან და თავად ნახავენ, როგორ ფუნქციონირებს ერთ სივრცეში გაერთიანებული 300-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი.
თბილისის იუსტიციის სახლი პირველია მათ შორის, რომელსაც კატარელები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები მისი მუშაობის ყველა დეტალით დაინტერესდნენ - რამდენ მოქალაქეს ემსახურება იუსტიციის სახლი დღის განმავლობაში; რამდენი ასეთი სერვისცენტრია საქართველოში და კიდევ რამდენის გახსნა იგეგმება. სტუმრებმა მომსახურების სივრცეები და თბილისის იუსტიციის სახლის ქორწინების დარბაზი დაათვალიერეს. ვიზიტის ბოლოს სტუმრებს იუსტიციის სახლის საჩუქრები - სიმბოლური პასპორტები, გადაეცათ.
დღესვე კატარის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრა, 7 ივნისს ისინი ზუგდიდის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან, ბოლოს კი მათ ყვარლის იუსტიციის სახლი უმასპინძლებს.
კატარის დელეგაცია სამშობლოში მომდევნო კვირას დაბრუნდება. დელეგაციის წევრები შთაბეჭდილებას კატარის მთავრობას გაუზიარებენ, რის შემდეგაც იუსტიციის სახლის კონცეფციის ექსპორტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები