ჯანდაცვის სამინისტრო ,,ნაციონალების" ბრალდებებს პასუხობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 452 806 ადამიანს შეადგენს. მიმდინარე წელს, საარსებო შემწეობა დაენიშნა 5000 ოჯახს.
სოციალური მომსახურების საგენტოს ინიციატივით გადამოწმების შედეგად, 5215 ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარება. შემწეობის შეწყვეტის მიზეზი უმეტესად დამატებითი შემოსავლების არსებობა და ავტომობილის პირად საკუთრებაში ქონა გახდა.
სტატისტიკური ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაცემლების შესახებ, ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.ssa.gov.ge
შეგახსენებთ, რომ ,,ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, სოციალური დახმარების მიმღებთა სიიდან ხელისუფლებამ 100,000-ზე მეტი მატერიალურად უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი ამოიღო. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 450 ათასი ადამიანი იყო, ახლა კი ეს რაოდენობა თითქმის 300 ათასზე დავიდა.
,,ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის არაკომპეტენტური, უუნარო მთავრობის წელიწადნახევრიანმა მმართველობამ შედეგად გაჩერებული ეკონომიკა, შემცირებული სამუშაო ადგილები და 2013 წელს 700 მილიონი ლარით გარღვეული ბიუჯეტი მოიტანა. საბიუჯეტო დანაკლისის ფონზე, იმისათვის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაცემული დაპირება სოციალური დახმარების გაორმაგების თაობაზე შეესრულებინა, ხელისუფლებამ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა და სოციალური დახმარების მიმღებთა სიიდან 100,000-ზე მეტი მატერიალურად უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი ამოიღო. საქართველოში არ დარჩენილა რაიონი, სოფელი, დაბა, ქალაქი, სადაც ხელისუფლების ამ გამიზნული პოლიტიკის შედეგად ყოველგვარი სახსარის გარეშე არ დარჩენილიყოს ოჯახები, რომლებმაც დღეს აღარ იციან, როგორ ირჩინონ თავი", _განაცხადა ჭიაბერაშვილმა.