,,ნაცმოძრაობა" თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას საქმის გახსნას ეხმიანება. როგორც პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა საქმეში ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას აბსურდული ბრალი წარუდგინეს.
წიკლაური შამათავს მიმართ წარდგენილ ბარლს თითიდან გამოწოვილს უწოდებს.
,,ახლა აღარ აქვთ არანაირი სამხილი ქართველი პატრიოტის რომან შამთვას წინააღმდეგ. მათ მიმართეს ჩვეულ ტაქტიკას, რომ წაუყენონ ახლი ბრალი. ის ივლისში უკვე უნდა გათავისუფლდეს და ახლა წაუყენეს სრულიად აბსურდული ბრალი, რომელიც დაწრმუნებული ვარ, არანაირ ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული არ არის, არამედ ეს იქნება ერთი, ან ორი ე.წ. მოწმის ჩვენება და შემდეგ რა ელის ამ მოწმეებს გაიზიარებენ ისინი უბილავას, თუ დანელიას ბედს ეს უკვე მომვლის საკითხია. Aამიტომ ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები", _ განაცახდა წიკლაურმა.
შსს-მ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ დღეს შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
შსს-ს განცხადებას "ჯი-ეიჩ-ენი"გთავაზობთ უცვლელად:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგენილია:
2008 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ქ.ბათუმში ჩაყვანა.
მიღებული დავალების შესაბამისად, 2008 წლის 27 აგვისტოს, ქ. ზუგდიდში არსებული ფოსტის შენობის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს პაატა ქარდავას, რომელიც გადაადგილდებოდა პირად სარგებლობაში არსებული "მერსედესის" მარკის ავტომანქანით და წაიყვანეს ქ. ფოთის მიმართულებით.ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხელბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა გადასვეს ,,ნივის" მარკის ავტომანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში, სადაც გადასცეს რომან შამათავას და მის თანამზრახველებს, ხოლო პაატა ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს თანამშრომლებმა კვალის არევის მიზნით დატოვეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში.რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა გადაიყვანეს ბათუმში და მიიყვანეს შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პაატა ქარდავას, რომელიც თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფდა აღნიშნულს.რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, რომან შამათავამ მას ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.ჩადენილი დანაშაულისთვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით.საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო", - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 109 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით.
ამასთან, რომან შამათავა უკვე დაკავებულია ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით.
სამინისტროს ცნობით, 2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხურჩაში ორი სამგზავრო ავტობუსის აფეთქება რომან შამათავას ორგანიზებით მოხდა. მასალების მიხედვით, ააფეთქეს ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობისთვის ზუგდიდში უნდა გადაეყვანა. აფეთქებამ გამოიწვია მოსახლეობის დაპანიკება და დაიჭრა ერთ-ერთი ადგილობრივი. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, რომან შამათავას და მალხაზ მურღულიას ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.