დღეს გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუცია განიხილება. ორგანიზაციის წევრებმა ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ მომზადებულ დოკუმენტზე უნდა იმსჯელონ.
ეს არის ყოველწლიური რეზოლუცია, რომელსაც რეკომენდაციის სახე აქვს. თუმცა, ამჯერად პროექტს თან 36 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი წერილი ერთვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საელჩოების სახელზე მომზადებულ მიმართვაში მესამე სექტორის წევრები გაერო-ს იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
საია-ს თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის თხოვნა და წერილი სწორედ ამ მიზნით არის განპირობებული.
"ამ საკითხის პოლიტიკური ბედის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება უნდა იყოს უპირობო ვალდებულება ყველასთვის. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროექტები, რომლითაც ვეხმარებით დევნილებს, მაგრამ ცხადია, სხვა არის აქ გაწეული დახმარება და მათთვის საშუალების მიცემა, რომ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს" -განცახდა კოჟორიძემ.
ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამერბერგის განცხადებით, ეს იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მხარდასაჭერად.
"ვფიქრობ, ასეთი დოკუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიეცეთ სახლებში დაბრუნების საშუალება",- თქვა ჰამერბერგმა.