პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღაიბაშვილის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს ჭორებს, თითქოს ხელისუფლებაში დაძაბულობაა, რაც სიმართლეს არ შეეფერება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა,"ნაციონალური მოძრაობა" 9 წელი ანერვიულებდა მოსახლეობას და დღეს დეზინფორმაციების გავრცელებით არის დაკავებული.
"ნაციონალურ მოძრაობას" ნერვიულობის საბაბი აქვს. ისინი ავრცელებენ ჭორებს და დეზინფორმაციებს. ძალიან ბევრი დეზინფორმაციული სააგენტოები აქვთ შექმნილი, რისი საშუალებითაც ხდება ამ დეზინფორმაციების გავრცელება, რათა დაძაბონ საზოგადოება, რომ რაღაც ხდება, ღარიბაშვილს გადააყენებენ, ის მოხდება, ეს მოხდება და ა.შ. არაფერი არ მოხდება. ტყუილად ნერვიულობთ" - აღნიშნა ღარიბაშვილმა და განმარტა, რომ საერთოდ არ არსებობს იმის რისკი და საშიშროება, რომ რაიმე ძვრები მოხდეს მთავრობაში.
" 1%-იც კი არ არსებობს იმის რისკი და საშიშროება, რომ რაიმე ძვრები მოხდეს ან მთავრობაში, ან ხელისუფლებაში. გუნდის შიგნით არის ერთსულოვნება. გუნდი არის ძალიან შეკრული. ხანდახან განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება და ეს ნორმალური და დემოკრატიულია. დისკუსიის შედეგად ჩვენ მივდივართ გადაწყვეტილებამდე და ვაღწევთ შეთანხმებას. ვერავინ გაბედავს რაიმე რყევებს და პრობლემებს. ჩვენ გვაქვს ყველაფერზე ნაფიქრი, გრძელვადიანი გეგმებიც გვაქვს, კარგად მოფიქრებული გეგმებიც გვაქვს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", - თქვა ღარიბაშვილმა.