სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. მისივე თქმით, ეს საკითხი ხელისუფლებაში არ განიხილება.
„მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება და სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, დეკრიმინალიზაცია არ მოხდება. რაც შეეხება მუხლების გადახედვას, ამაზე კიდევ შეიძლება, ვიმსჯელოთ, თუმცა მე ვიცი, რომ მიდგომა შეიცვალა. მე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო, რომ პირველ ფაქტზე, როდესაც პიროვნებას მარიხუანას მოწევაზე დააკავებენ, ის ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, განმეორებით ფაქტზე 2 000 ლარით და მესამე ფაქტზე არის მხოლოდ პატიმრობა ან კიდევ უფრო გაზრდილი ჯარიმა. მე არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ამაზე ლოიალური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, არ მესმის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა - ნარკომან თაობას ხელი შევუწყოთ, თუ ჯანსაღ თაობას. „მარიხუანა არის პირველი ეტაპი და შემდეგ მას წამალი და ბიო ნარკოტიკები მოსდევს. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც ნარკომანიასთან ბრძოლას და არა ისე, რომ რამდენიმე ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ მარიხუანას მოწევა არაა დანაშაული. მე არ დავუშვებ, რომ წახალისდეს ნარკომანია, პირიქით", - თქვა პრემიერ-მინისტრმა .
მასალის გამოყენების პირობები