ჩემსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის არავითარი დაძაბულობა არ არსებობს და ამ თემაზე მინდა დავასრულო სპეკულაცია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც პრემიერისა და პრეზიდენტს ურთიერთობას ეხებოდა.
მისი განცხადებით, არავითარი დაძაბულობა და მითუმეტეს , პიროვნული დაძაბულობა არ არსებობს. არსებობს ჯანსაღი ურთიერთობა, რომელიც უნდა ქონდეს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პრეზიდენტს და პრემიერს. ეს საუბრები და სპეკულაციები მიმდინარეობს მიზანმიმართულად ისევ " ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რომელსაც ხელს უწყობენ სხვადასხვა მედიასაშუალებები და ახდენენ ამის ტირაჟირებას .
„ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა- მოახდინონ მოსახლეობის დაძაბვა, რომ რაღაც ხდება. არაფერი არ ხდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები ის პრეზიდენტთან ერთად ჩნდება.
„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ კონსტიტუცია შეიცვალა, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დღეს არის პრემიერი, პრეზიდენტს სხვა ფუნქცია აქვს, პარლამენტს - სხვა. ის, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ერთად არ ჩნდებიან, ამაში უცნაური არაფერია. არ არის აუცილებელი სტუმრად ჩამოსულ უცხოელ პრეზიდენტს პრემიერი და პრეზიდენტი ერთად დახვდნენ. მე გერმანიაში ვიყავი, მათ ჰყავთ პრეზიდენტი და კანცლერი, მე იქ პრეზიდენტი არ მინახავს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.