პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უელსის სამიტამდე MAP -ის თაობაზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ამგვარი კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის MAP -ის მინიჭების საკითხი უელსის სამიტის თემა არ იქნება.
„ჩვენ გვქონდა საუბარი კანცლერთან და არა მხოლოდ მასთან, ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ყველასთან და აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებთ. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მოსახლეობისთვის, რომ ის ყალბი მოლოდინი, რომელიც გაუჩინა წინა ხელისუფლებამ ( მე სამწუხაროდ კიდევ უნდა ვახსენო წინა ხელისუფლება, ეს მათი, ასევე ვთქვათ დანატოვარი და მემკვიდრეობაა), რომ 2008 წელს რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო საქართველოში, MAP -ი უნდა მიგვეღო, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, როგორც დასრულდა. ჩვენ MAP -ი ვერ მივიღეთ და მოხდა ძალიან დიდი იმედგაცრუება. ხელოვნურად ხდებოდა ამ თემის აწევა. ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ პოლიტიკა და ვთქვით, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ შედეგებზე. ჩვენ გვირჩევნია, რომ დაველოდოთ, მანამდე აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ და ყველაფერი გახდება ცნობილი მოგვიანებით. უელსის სამიტი გაიმართება სექტემბრის თვეში. სამიტამდე მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ მთავრობის მეთაურმა უნდა გააკეთოს წინასწარი პროგნოზები და შედეგები და მოლოდინები გაუჩინოს მოსახლეობას. ეს არასწორი პოლიტიკაა. არ შეიძლება, როდესაც წინასწარ ახდენენ მოსახლეობის დაძაბვას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი აზრით, საქართველოს პროგრესი ადეკვატურად იქნება ასახული და საბოლოო შედეგი თუ რა იქნება, ამას უნდა დაველოდოთ სექტემბრის თვეში, როცა გაიმართება ნატო-ს სამიტი .
„ამის ზედმეტად დრამატიზირება არ არის საჭირო", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.