პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ყველაფერი გაკეთდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები.
აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო გარემო გაუმჯობესდა.
იგივე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩვენო გარემო იყო აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე, რომელმაც დაიმსახურა ძალიან მაღალი შეფასებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
"ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ იგივე პირობებში და კიდევ უფრო უკეთეს პირობებში ჩავატაროთ ადგილობრივი არჩევნები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმართულებით რევოლუციური კოდექსი შეიქმნა.
"მე დღეს, მესმის ბევრი საუბარი, რომ მთავრობამ არაფერი შეცვალა და დატოვა იგივე, რაც შეიმუშავა "ნაციონალურმა მოძრაობამ". მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 12 ქალაქის მერი და 60-მდე გამგებელი იქნება პირდაპირი წესით არჩეული საქართველოს მოსახლეობის მიერ. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ირჩევენ პირდაპირი წესით მერებს და გამგებლებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.