საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, როგორი იქნება ეუთო-ს მისია საქართველოში და იქნება თუ არა საერთოდ, ამაზე ლაპარაკი ახლა ზედმეტია.
აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრმა ჟურნალისტებს შვეიცარიის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, დიდიე ბურკჰალტერთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
"შვეიცარია გახლავთ ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა და ამ მისიითაც არის ჩამოსული ბატონი ბურკჰალტერი. დღეს იგი ერგნეთში იმყოფებოდა. ეუთო-ს შესაძლო დაბრუნებაზე საქართველოში გვექნება საუბარი. როგორი იქნება ეს მისია ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. საერთოდ იქნება თუ არა, ამის თქმა ახლა არ შეიძლება. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრებთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ვენიდან მობილური ჯგუფების ჩამოსვლა საქართველოში, რომელიც ადგილზე შეისწავლის უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას, თუმცა ეს იოლი მოსაგვარებელი არ არის.