საქართველოს ევროპული არჩევანი განპირობებულია მოსახლეობის უმრავლესობის და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ იური ლეანკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა კანცლერ მერკელთან, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გაღრმავებული ურთიერთობების ნათელი ნიშანია.
"ხუთი წლის წინ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობამ" გახსნა ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. ჩვენმა ქვეყანამ ევროპული გზისადმი ერთგულება დაამტკიცა იმით, რომ წარმატებით გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები და მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოების ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება. ჩვენ განუხრელად მივყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი განპირობებულია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.
"ეს არის ერთგვარი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროს მოდერნიზება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.