თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტური რეაგირებისაკენ. ,,ჯი-ეიჩ-ენი" წულუკიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე კატეგორიულად გმობს საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელზე განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისაკენ. უწყებათაშორისი კომისია კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, კიდევ ერთხელ შეახსენებს არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს კომისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და კანონმორჩილება. არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ფიზიკური ანგარიშსწორების გზით ზეგავლენა მოახდინოს მშვიდობიან და თანასწორუფლებიან გარემოზე, რაც სამართლიანი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საკითხი კომისიის 29 მაისის სხდომაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იქნება", _აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები