ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში ზუგდიდი უდიდეს წარმატებებს მიაღწევს. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ განცხადა.
თოლორაია, რომელიც მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის სემდეგ ზუგდიდში 400-მდე სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს პროექტების ჯამური რაოდენობა წელიწადში 150-ს არ აღემატებოდა.
„უყურადღებოდ არ დარჩენილა არც ერთი სოფელი. თუმცა უმთავრესია არა მხოლოდ ის, რა გაკეთდა არამედ ის, რის გაკეთებას ვაპირებთ. ანაკლია და განმუხური არა მხოლოდ ზუგდიდისთვის, არამედ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისთვის გახდება საკურორტო და საზღვაო ცენტრი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს. ასობით ადამიანის სტაბილური დასაქმება გააძლიერებს მათ ოჯახებს", - აცხადებს თოლორაია.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტების სიკეთეები თითოეული ზუგდიდელისთვის იქნება ხელშესახები.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში ზუგდიდი უდიდეს წარმატებებს მიაღწევს და თითოეული ზუგდიდელის ცხოვრება გახდება უფრო საინტერესო, მათი შრომა უფრო მეტად დაფასდება, ხოლო არსებული სოციალური პრობლემები მინიმუმამდე შემცირდება", - აცხადებს თოლორაია.