"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შს მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს პარლამენტში ისევ იბარებს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ღვინიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე შს მინისტრი "უპასუხისმგებლო და აბსურდული" განაცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.
"კრიმინოგენულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა ძალიან ჰგავს შევარდანაძის დროინდელ სტატისტიკას. ყველაზე კარგი სტატისტი ქვეყნის მოსახლეობაა, რომლის 1/3 ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია. ეს ყველაზე კარგად მოსახლეობამ იცის, რადგან კრიმინალი მათ თვალწინ ხდება და მათ კისერზე გადადის. ამ ყველაფრის ფონზე, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალის შემცირებაზე უნდა მუშაობდეს, შინაგან საქმეთა მინისტრი აკეთებს აბსურდულ, დაუსაბუთებელ განცხადებას, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაკავებული არიან საბურავების შეძენით, ინსტრუქტაჟის მისაღებად კიევის ევრომაიდნის აქტივისტების ჩამოყვანით, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოვაწყოთ", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე უპასუხისმგებლოა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, თითქოს უწყებიდან მოპარულია მოსასმენი აპარატურა და ხელისუფლება ოპოზიციას უსმენს.
"შინაგან საქმეთა მინისტრმა არ უნდა იკადრო, რომ მოსახლეობა მოატყუო. ხალხი ისეთი მიამიტი არ არის, რომ ეს დაიჯეროს. მეორეც,- თავმოყვარეობის ამბავია, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ხელისუფლებაში იყო წელიწადი და შვიდი თვე და გარკვეული ჯგუფი გისმენდეს," - განაცხადა გიორგი ღვიანიაშვილმა.