საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საქართველოშია. ოლანდის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა და მას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე დახვდნენ.
ფრანსუა ოლანდი კავკასიურ ტურნეს ოფიციალური ვიზით საქართველოში დაასრულებს. მან უკვე გამართა შეხვედრები ბაქოსა და ერევანში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.
ვიზიტის შედეგებს გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.
ვიზიტის ფარგლებში ფრანსუა ოლანდი საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება და ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანგულ დელეგაციასთან ერთად თბილისს დღესვე დატოვებს.