საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია. როგორც პრემიერმა გორში მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არც ერთი დევნილი არ დარჩეს საკუთარი ჭერის გარეშე, ვიდრე საკუთარ სახლ-კარს დაუბრუნდებიან.
"სამშობლოს ერთგულებაში ქართლელებს ტოლი არ გყავთ. მშვიდობა ტყუილად არ ვახსენე. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ თქვენს თავზე გამოსცადეთ ის საშინელება, რასაც ჰქვია აგვისტოს ომი, რომლის იარებიც ჯერაც არ მოშუშებულა. ის, რომ საქართველო ამ ომში აღმოჩნდა ჩათრეული და ჩვენი ტერიტორიები დღეს არის დროებით დაკარგული და ოკუპირებული, ის, რომ საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა ათასობით ადამიანი, წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია. ჩვენ ვცდილობთ, გაწონასწორებული და კარგად გათვლილი ნაბიჯებით, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით დავძლიოთ ომის უმძიმესი შედეგები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.