რუსული მედია ჩეჩნეთში საკონტრაქტო საფუძველზე მომსახურე ჯარისკაცთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის მიზანია საზოგადოებას დაანახოს რუსულ არმიაში ამჟამად არსებული რეალური ვითარება. აღნიშნულ ინტერვიუში, მოტომსროლელი ბრიგადის, განყოფილების მეთაური, სერჟანტი ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებსაც ეხება და აცხადებს, რომ ჯარისკაცებს დაუსჯელად მკვლელობის უფლება რომ ჰქონდეთ, რუსეთის არმიის სარდლობის 95 % უკვე მკვდარი იქნებოდა.
"ჩვენი სამხედრო ნაწილის ძირითადი ამოცანა საქართველოს მხრიდან რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში საზღვრის დაცვაა. მეორეხარისხოვანი ამოცანები კი ადგილობრივი ღონისძიებების დაცვა, კონტრტერორისტული ოპერაციების დროს სპეც. ძალების მხარდაჭერა, იარაღის სამალავების და ბოევიკების ძებნა. რუსი სამხედროები ჩეჩნეთში ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტი. დაღესტანში კი თავდასხმებს ყოველდღიური ხასიათი აქვს", _ ამბობს სერჟანტი და საუბარს კონტრაქტის პირობებზე აგრძელებს: კონტრაქტის პირობები შემდეგნაირია _ სამი წელი. შვებულება წელიწადში ერთხელ 30 დღე-ღამე, ხელფასი 24-28 ათასი რუსული რუბლი, უფასო მკურნალობა და სამხედრო მოსამსახურეთა ყველა უფლებით სარგებლობა, თუმცა "ეს მხოლოდ ქაღალდზეა ასე", _ ამბობს სერჟანტი.
"სინამდვილეში კი _ შვებულებაში რომ გაგიშვან 5 ათასი რუბლი უნდა გადაიხადო. ხელფასი 21-24 ათასი რუბლია, ცხოვრების პირობები როდის როგორ _ ხან ყაზარმაში, ხან კარავში ხან კი ღია ცის ქვეშ. კვება ისეთია ღორიც არ შეჭამს. ფორმა ხუთი ზომით დიდი რიგდება. წამლებს თავად ვყიდულობთ და ვმკურნალობთ. ყაზარმები დანგრეულია. რემონტისათვის ყოველწლიურად ჩვენგან აგროვებენ თანხას. რემონტი კი არ კეთდება და ფული ქრება. ვეტერანის მოწმობა 25 ათასი რუბლი ღირს. საკუთარი სურვილით განთავისუფლება შეუძლებელია _ ამისათვის ქრთამის საჭირო 30-50 ათასი. სახლში რომ გაემგზავრო სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ. წესდებას თავად უფროსობა არღვევს. ვიძინებთ ღამის 1 საათზე და ვიღვიძებთ 6 ზე. მოკლედ კონტრაქტს არც ერთი პირობა არ სრულდება", _ აცხადებს სერჟანტი და აგრძელებს, რომ მეთაურობა ჯარისკაცებს ისე ექცევა, როგორც ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს.
"მეთაურისათვის ჯარისკაცი ეს მონაა. მაგალითები: ერთ ჯარისკაცს, რომელსაც სიცხე 41 ჰქონდა სანგრების გასათხრელად წაიყვანეს. ერთს, დედა გარდაეცვალა პირდაპირ ნაწილის უფროსთან წავიდა სათქმელად. შედეგად აგინეს და გააგდეს. ამ ჯარსკაცმა თვითნებურად დატოვა ნაწილი. ერთს ჯარისკაცს გათავისუფლება უნდოდა, მეთაურთან რომ მივიდა ამის სათხოვნელად ისე სცემეს კბილები დაუმტვრიეს.. და კიდევ ერთი _ ერთი ჯარისკაცი ექიმების შეცდომის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ყველაფერი სიმთვრალეს დააბრალეს, შემდეგ კი მის გვამს პლაცზე დაათრევდნენ და გვაჩვენებდნენ თუ სადამდე მივყავართ ალკოჰოლს. მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება", _ ჰყვება სერჟანტი.
მისივე თქმით, თავად სამხედროებს კი მეთაურებისადმი ისეთი დამოკიდებულბა აქვთ, როგორც პატიმრებს აქვს ადმინისტრაციის მიმართ.
"ჯარისკაცებს რომ უფლება ჰქონდეთ დაუსჯელად მკვლელობა ჩავიდინოთ _ სარდლობის 95 % უკვე მკვდარი იქნებოდა. 2008 წელს როდესაც სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო, ქვეითთა ბრიგადაში ბიჭები ბანქოს თავიანთ მეთაურზე თამაშობდნენ. წაგებულს მეთაური ომის დროს უნდა მოეკლა, თუმცა მეთაურს გაუმართლა და მის ბატალიონს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია", _ ამბობს სერჟანტი.