საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც პოლიტიკური პარტიების მხრიდან წარდგენილ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, პარტიის წევრებისა და აქტივისტებზე მომხდარი ძალადობის ფაქტები განიხილება.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყების წინ, "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო შალამბერიძემ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
"ძალიან დიდი დარღვევაა, როცა მთავრობის სხდომათა დარბაზში "ქართული ოცნების" პარტიული შეკრება ტარდება. მაშინ ყველა პარტიას უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა და შეხვედრები სხვებმაც უნდა ჩაატარონ. ასევე, ზუგდიდში ჩატარებული მთავრობის გასვლით სხდომაზე გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი, რაც დარღვევაა. უნდა მოხდეს სათანადო რეაგირება. გარდა ამისა, როცა დავით ნარმანიამ მინისტრის პოსტი დატოვა და საარჩევნო პროცესში ჩაერთო, პრემიერ-მინისტრმა მასთან დაკავშირებით მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ეს განცხადება არ შეიძლება გაკეთებულიყო სამუშაო საათებში", - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო შალამბერიძემ, რომელიც უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ საკითხებზე ვაპირებთ ყურადღების გამახვილებას.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კი მიიჩნევს, რომ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა არაეფექტურია, კვლავ გრძელდება პოლიტიკური დევნა და ამ პროცესის შესაჩერებლად ნაბიჯები გადადგმული არ არის.