საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა განიხილეს და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გარე და შიდა გამოწვევებს. უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონალური უსაფრთხოების, რეგიონის ქვეყნებს შორის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა იყო.
შეხვედრისას ნატო-ს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც სექტემბერში იდ ბრიტანეთში გაიმართება.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ სამიტზე აისახება ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ.