ლატვიის ქალაქ მაზსალაცში მეტეორიტი ჩამოვარდა. მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილას 20 მეტრი სიგანისა და 5 მეტრი სიღრმის კრატერი წამოიქმნა. არავინ დაშავებულა.
შემთხვევა 25 ოქტომბერს, 18:30 საათზე მოხდა. ამჟამად მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილას მაშველები და პოლიციელები მუშაობენ.
"ჩვენ ბოლომდე დარწმუნებულნი არ ვართ რომ ეს მეტეორიტია, რადგან თვითმხილველთა განცხადებით, რაღაც ციდან ჩამოვარდა და შემდგომ მოხდა აალება. ახლა მთავარია გაირკვეს არის თუ არა ამ ადგილას რადიაციული ფონი", _ განაცხადა სახელმწიფო სამაშველო-სახანძრო სამსახურის უფროსის თანაშემწემ ინგა ვეტერემ.
თვითმხილველთა განცხადებით, მათ თავდაპირველად შემოესმათ, დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავის მსგავსი ხმა. რის შემდეგაც მათ ცაში საშუალო სიდიდის ცეცხლოვანი ობიექტი დაინახეს.
ამჟამად შემთხვევის ადგილას რადიაციული ცენტრისა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან გაგზავნილი.