რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთსა და აშშ შორის სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმების პროცესს, მსოფლიოს სამხედრო პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხებისა და ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული საკითხების განხილვას.
ამას გარდა, სერგეი ლავროვისა და პან გი მუნის შეხვედრის ფარგლებში გაეროს სამდივნოსა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდკბ) თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტის ქვეშ ხელი მოაწერეს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ბორდიუჯამ.
კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსეთის მიერ შექმნილი ერთგვარი სამხედრო ბლოკია, რომელშიც რუსეთის გარდა _ სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი შედიან.