საჰაერო ძალები უქმება და ის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში შედის.
ცვლილება "საქართველოს თავდაცვის შესახებ" კანონში განხორციელდება.
აღნიშნული ცვლილების მიზეზად შესაბამის უწყებაში ორი სახეობის ურთიერთქმედების ეფექტურობის გაზრდა სახელდება.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს თავდაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, საქართველოს სამხედრო ძალები სახმელეთო ჯარებისგან და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან შედგება.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა გუშინ გასვლით სხდომაზე განიხილა, რომელიც ვაზიანში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართა და რომელსაც თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ესწრებოდა.
"იგეგმება საჰაერო ძალების გაუქმება და მისი შეყვანა სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი სამხედრო მოსამსახურეების შემცირებაზე; უბრალოდ, როგორც სახეობა ცალკე საჰაერო ძალები აღარ იარსებებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვჭირდება ბუტაფორიულად ზედმეტი შტაბების არსებობა. პრაქტიკამ, მათ შორის ომის პერიოდში, ჩვენ დაგვანახა რომ საჰაერო ძალებს საქართველოში აქვს ძირითადი დატვირთვა სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერაში. საერთაშორისო პრაქტიკაში არის ასეთი მაგალითები - მაგალითისთვის, კანადის საჰაერო ავიაციის სარდლობა აღარ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ კანადას სტრატეგიული ავიაციაც გააჩნია. ამიტომ ჩვენ არ ვართ ამ საქმეში პიონერები. ეს ცვლილება ბევრად უფრო ადვილს გახდის მართვას კონკრეტული ოპერაციების პირობებში. ამიტომ ამას კომიტეტი მიესალმება", - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.