სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ გეგუთის კოლონიასთან განვითარებულ მოვლენებს ხელს უწყობდნენ სასჯელაღსულების დაწესებულების თანამშრომლები. როგორც სუბარი განმარტავს, ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც მიჩვეულები არიან არეულობას და წესრიგი არ აწყობთ.
"გამოძიება დაიწყება იმ ადამიანებზე, იმ თანამშრომლებზე რომლებიც შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს და შეგნებულად აქეზებდნენ პატიმრებსა და მის მშობლებს. ამ თანამშრომლებს არ აწყობთ წესრიგი, რადგან მიჩვეულები არიან უწესრიგობას", - განაცხადა სუბარმა.
მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამ თანამშრომლებიდან ზოგიერთი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იყო მიღებული.
"კორპუმპირებული არის კორუმპირებული, რა მნიშვნელობა აქვს როდის დაინიშნა. 4 ათასი ადამიანის ერთ დღეში გაშვება ვერ მოხდებოდა. ზოგიერთი შეიძლება ახალი აყვანილიც იყოს", - განაცხადა სუბარმა.
როგორც მინისტრი განმარტავს გეგუთის კოლონიასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. გარეთ არეულობას ე.წ. ძველი ბიჭების მეგობრები აწყობდნენ.
"გეგუთში სიმშვიდეა. როგორც არაფრისგან დაიწყო, ისე მშვიდად დასრულდა. რამდენიმე ათეული ადამიანი შიგნით მყოფი ე.წ. ძველი ბიჭის ძმაკაცები მოდიოდნენ გარეთ ქმნიდნენ აურზაურს. ყველა იმ ადამიანს, ვინც გარეთ კანონი დაარღვია, სასწრაფოს არ აძლევდა გარეთ გამოსვლის საშუალებას, ცდილობდა შეჭრას, გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. კანონის დარღვეა არავის ეპატიება" - განაცხადა სუბარმა.