,,დიდი პოტენციალი გვაქვს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის", _ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
,,ევროპასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის მხარდამჭერები ვართ. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია; უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები. დღეს განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და ვფიქრობთ, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისათვის. ასევე, შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს ორმხრივი ინვესტირების სფეროში და უფრო დეტალურად ვსწავლობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ ინვესტირება ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტრანსპორტირებისა და წარმოების სფეროებში", _განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
,,რა თქმა უნდა, დღეს ასევე განვიხილეთ ის ორმხრივი პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი ისტორია გვაქვს და ნავთობისა და გაზის მთავარი საექსპორტო გაზსადენები აზერბაიჯანიდან სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იყო და, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სამომავლო გეგმები ენერგეტიკის დივერსიფიცირების თვალსაზრისით. როგორც იცით, გასულ დეკემბერს ბაქოში ხელი მოეწერა 21-ე საუკუნის ხელშეკრულებას, რომელიც უდიდესი ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტია ევროპის მასშტაბით. ამ პროექტში 45 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და საქართველო და აზერბაიჯანი, ისევე როგორც სხვა პარტნიორები და მეგობრები, აქტიურად ჩაებმებიან ამ ისტორიული პროექტის განხორციელების საქმეში", _განაცხადა ალიევმა და აღნიშნა, რომ მხარეებმა შეხვედრისას ასევე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ სფეროში.