იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას ეხმიანება. როგორც საკითხის კომენტირებისას წულუკიანმა განმარტა გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს.
,,საქართველოს მთავრობის მეთაურის მხრიდან არის მზაობა, რომ გამოეხმაუროს რუსულ ინიციატივას პირდაპირი დიალოგის შესახებ. ეს პირდაპირ ჯდება იმ ლოგიკაში, რომელსაც ჩვენი მთავრობა რამდენიმე თვეა უკვე მისდევს. როგორც იცით, რუსეთთან შეწყვეტილია ომის რიტორიკა, მასთან აგრესიული საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების დიდი პრობლემა, რომელსაც ჩვენი ეროვნული სხეულის დანაწილება ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია და ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით ეს ვერ მოგვარდება, მაგრამ ორივე მხრიდან რადგან არსებობს მზაობა, რომ კონკრეტულ პრობლემებზე იყოს საუბარი, ეს რა თქმა უნდა, ცუდი არ არის. მთავრია, რომ ეს შეხვედრა კარგად მომზადდეს. ეს დღეს ან ხვალ ვერ მოხდება და ქართული მხარე ზუსტად იყოს მზად იმისთვის, რომ ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ, მთავარია, მიზანი იქნას მიღწეული, რომ ჩვენ გავმთლიანდეთ", - განაცხადა წულუკიანმა.