გვაქვს ასეთი განწყობა გუნდში, რომ შედგეს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელმძღვანელობასთან, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა. მის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა და ახალი ხელისუფლების კონსტრუქციულ დიალოგს რუსეთთან საერთაშორისო არენაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.
"გიდასტურებთ, რომ როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, მზაობა მაქვს, შედგეს პირდაპირი დიალოგი. გვაქვს ასეთი განწყობა გუნდში, რომ შედგეს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელმძღვანელობასთან. რა ტიპის იქნება და როდის ან სად შედგება ეს დიალოგი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემები. ასეთ შეხვედრას სჭირდება ძალიან სერიოზული დაგეგმვა და მომზადება, განსაკუთრებით ასეთი პაუზის შემდეგ. ეს შეხვედრა უნდა იყოს გასაგები ყველასთვის, პირველ რიგში ჩვენი ხალხისთვის. თუ დაიწყება ამ საკითხზე მოლაპარაკება, ამას დასჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერებმა, ასევე ამერიკელმა კონგრესმენებმა, რომლებსაც ევროპაში შეხვდა, საქართველოს ახალი ხელისუფლების კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან მიმართებაში მოიწონეს.
"მათ კიდევ ერთხელ მოგვიწოდეს, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება პირდაპირი დიალოგი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.