რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის მზად არის თავის ქართველ კოლეგას შეხვდეს იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი ამის სურვილს გამოთქვამს. რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს ვლადიმერ პუტინი სოჭის მედიაცენტრს სტუმრობდა. მედიაცენტრის დათვალიერებისას მას ქართველმა ჟურნალისტმა ჰკითხა აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას.
„თუ მას სურს რატომაც არა", _ განცხადა პუტინმა პასუხად და ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ძალიან მოხარულია, ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გუნდის ჩასვლით.
„მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს კარგის ნიშანია და ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიური თამაშები ხელს უწყობს ურთიერთობების აღდგენას იქ, სადაც მათი აღდგენა შეუძლებლად გეჩვენება, ამ ძალიან რთულად", _ განაცხადა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისიდან სოჭში რეგულარულ საფუძველზე ავიარეისები მოქმედებს.
„ოლიმპიადის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პრაქტიკას შევინარჩუნებთ",- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს უკვე ოლიმპიური თამაშების პლუსია.
„ოლიმპიური თამაშები გვეხმარება საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებაში და მე მოხარული ვარ ამის და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს. ისინი ყოველთვის კარგად ასპარეზობენ ზაფხულის ოლიმპიადებზე, განსაკუთრებით ორთაბრძოლებში",_ განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ სპორტის მის საყვარელ სახეობაში, ძიუდოში „საქართველოს გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია".
„ვიმედოვნებთ, რომ აქაც გამოავლენენ თავს ქართველი სპორტსმენები და მათ წარმატებას ვუსურვებთ",_ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.