უცხოეთში მოღვაწე, ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის პატრონაჟით და ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის მხარდაჭერით, თბილისის კონსერვატორიაში საქველმოქმედო ფონდ „ლირა"-ს გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტი თბილისში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში 7 თებერვალს, 19:00 საათზე ჩატარდება.
სპეციალურად ამ დღისთვის, პარიზიდან თბილისში ელისო ბოლქვაძე ჩამოვა. საქველმოქმედო კონცერტზე მონაწილეობას ფონდ „ლირა"-ს ნორჩი ტალანტები - 10 წლის ილია ლომთათიძე და ბარბარე თეთრაძე მიიღებენ.
ელისო ბოლქვაძის ფონდის - „ლირა"-ს აღმოჩენა, ორი ნორჩი ტალანტი უკვე სამი წელია საერთაშორისო ფონდის - SOS Talents Foundation - Michel Sogny-ს სტიპენდიანტები არიან. ბარბარე და ილია მსმენელის წინაშე ლისტის, ბახის, შოპენის, გრიგის და სონის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
„მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მათ უკვე მოიპოვეს დიდი წარმატება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც რეგულარულად წარსდგებიან მსმენელის წინაშე. ბარბარე და ილიას ერთ-ერთი გამოსვლა, რომელიც ბათუმის მუსიკალურ ცენტრშია ჩაწერილი, ცნობილი ფრანგული მუსიკალური არხის MEZZO-ს ეთერით 45 ქვეყანაში გავიდა. მიხარია, რომ ეს ბავშვები „ლირას" წევრები არიან" - აცხადებს ელისო ბოლქვაძე.
ბარბარე და ილია ფონდ „ლირა"-ს და SOS Talents Foundation-ის მხარდაჭერით 2 თვის წინ პარიზის მაღალი საზოგადოების წინაშე რთული სოლო პროგრამით წარმტებით წარსდგნენ. სოლო გამოსვლის გარდა პატარა ვირტუოზებმა რამოდენიმე მუსიკალური ნომერი ოთხ ხელში შეასრულეს.
ელისო ბოლქვაძემ საქველმოქმედო ფონდი „ლირა" ახლახანს დაარსა. ფონდი ხელს უწყობს ქართველი ნორჩი ტალანტების აღმოჩენას და განვითარებას.
ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე მრავალი ცნობილი საერთაშორისო კონკურსის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. იგი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, კონცერტებს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში ევროპას, ამერიკასა და რუსეთში მართავს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. ელისო ბოლქვაძე არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგულარულად გადაიცემა ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo--ზე, რამაც პიანისტს დიდი საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა. ელისო ბოლქვაძე ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის - Music Fest - ის არტისტული დირექტორია.