იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უნდა დადგინდეს არსებობდა თუ არა კავშირი მერაბიშვილის მოთხოვნასთან და ჩაცხრილულ ადამიანებს შორის.
,,უნდა შემოწმდეს და დადგინდეს, არსებობდა თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მერაბიშვილის მოთხოვნასთან და იმ ჩაცხრილულ ადამიანებს შორის. ფაქტია, რომ კრიალაშვილის საქმეს ზედმიწევნით გამოკვლევა სჭირდება. მთავარია, დადგინდეს ყოფილი მინისტრის ამ უკანონო ბრძანებას მოჰყვა თუ არა შედეგი. ეს არის პირველ რიგში საზოგადოების უფლება, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, ამ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს.