თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს უმცირესობას მიმართავს და ითხოვს, ქალაქის ახალი მთავრობა მრავალპარტიული საკრებულოსთან შეთანხმებით იქნეს ჩამოყალიბებული.
"ჩემი მიზანია თბილისის მთავრობის საქმიანობა რაც შეიძლება მეტად გამჭვირვალე იყოს. იმისათვის, რომ არავის შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა თბილისის ბიუჯეტში დაიწყებს ხელების ფათურს და მას საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენებს, მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, მრავალპარტიულ საკრებულოსთან შეთანხმებით მოხდეს თბილისის ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს ოპონენტებს შექმნილი ვითარებიდან კონკრეტული კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, რასაც ისინი არ ეთანხმებიან და ამასთანავე, არავითარ კომპრომისს თავად არ გვთავაზობენ", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, სანამ 12 თებერვალს ჩატარდება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, საკრებულოს უმრავლესობა მზად არის უმცირესობასთან და მერიის წარმომადგენლებთან აქტიურად იმუშავოს თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რათა მთავარი ფინანსური დოკუმენტი მაქსიმალურად ასახავდეს თბილისელების ინტერესებს.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ ირაკლი შიხიაშვილის განცხადება თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლებისა თუ მერის მოადგილების გადადგომასთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერის მიერ დანიშნული საჯარო მოხელეები არიან, მსგავსი მოთხოვნა კვლავ ამტკიცებს ირაკლი შიხაშვილისა და საკრებულოს ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურად მოტივირებულ, გაუმართლებელ ახირებას, რაც საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანასა და საბოლოოდ თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას ემსახურება.