,,დამნაშავესთანაც რომ გქონდეს საქმე იმ სიტყვების წარმოთქმა რაც გუშინ გავიგონეთ დაუშვებელი და სამარცხვინოა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ვოლსკიმ გუშინ გავრცელებული ვიდეოს კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ყველა ადამიანს, მითუმეტეს, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს კანონის დაცვა ევალება.
,,რა ოპერაციას არ უნდა იყოს მაღალი თანამდებობის პირს, მითუმეტეს, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს კანონის დაცვა მართებს. დამნაშავესთანაც რომ გქონდეს საქმე კანონიდან გადახვევა და იმ სიტყვების წარმოთქმა რაც გუშინ გავიგონეთ დაუშვებელი და სამარცხვინოა. ეს ქმედებები ახასიათებდა არ მხოლოდ იმ კონკრეტულ პირს ვისგანაც მოვისმინეთ, არამედ იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას", _განაცხადა ვოლსკიმ, ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისივე განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება თავის სიტყვას იტყვის და საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს.