თბილისის უგლებამოსილებაშეჩერებული მერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, იმ კონკრეტულ ადგილას იგი პრეზიდენტთან ერთად აღმოჩნდა. უგულავა აცხადებს, რომ ვიდეო პროკურატურისა და შსს-ს მიერ მთავრობის დავალებით გავრცელდა. უგულავას განმარტებით, თებერვლის ბოლოს გადის ვანო მერაბიშვილის ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა და როგორც თავად აღნიშნავს, პროკურატურას ბოლომდე არ აქვს იმედი და თუ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგდა, შეთითხნიან საქმეს და წინასწარ პატიმრობას მოითხოვენ და ეს ცხრათვიანი პატიმრობა, რომელიც სრულდება, თავიდან დაიწყება ყოველგვარი კანონის დარღვევით.
"იმ კონკრეტულ დაგეგმვისას, ბუნებრივია, ოპერაციას მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა და მერაბიშვილი იყო მარტო სპეცრაზმელებთან და სამხედროებთან ერთად. მე მოვისმინე სხვადასხვა კომენტარი, რომ ხელოვნურად უნდოდათ, რომ სააკაშვილი შეეტენათ იმ დაგეგმვაში, საქმის შემდგომი შეტენვის მიზნით და მთავარი - ვინც იცნობს მერაბიშვილს და მის ლაპარაკს, შეიძლება ითქვას, არც თუ ისე გრამატიკულად დახვეწილს, ადვილად გაარჩევს, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული კადრებიდან უდავოა, რომ ის გავრცელებულია პროკურატურისა და შსს-ს მიერ მთავრობის დავალებით, იქიდანაც კარგად ჩანს, თუ რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ როდესაც მერაბიშვილი საუბრობს ჯერ დაჭერაზე და ორი პიროვნების დაკითხვაზე და შემდეგ, როდესაც საუბარია გვამებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, სპეცრაზმელებს აძლევს დავალებას, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ, ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ, მათ შორის, როდესაც ტერორისტული აქტია და ამბოხია, სპეცრაზმელებს ლიკვიდაციის უფლება აქვთ.
მისი განმარტებით, ეს უფლება აქვთ იმიტომ რომ იმოქმედონ თავისუფლად და ხელმძღვანელმა აიღოს პოლკიტიკური პასუხისმგებლობა.
"მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ეს ორი პირი ცდილობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას, მოხდა მათთან შეტაკება. რამდენადაც მახსოვს, სპეცრაზმელებიც დაშავდნენ, ორი ადამიანიდან - ერთის ადგილზე ლიკვიდაცია მოხდა, რადგან მათ გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა. მეორე - დაიჭრა და ეს რომ დავალება ყოფილიყო, ცხადია, ის დაჭრილი ვერ გადარჩებოდა. დაჭრილ ოთანაძეს საქართველოს სახელმწოფომ უმკურნალა, ბოლო დრომდე ის იყო პატიმარი და ახალმა მთავრობამ ეს კაცი, ყოველგვარი შესწავლის გარეშე, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა და დღეს ის ლადო ბედუკაძესთან და სხვა მსგავს პირებთან ერთად, ფოტოსესიითაა დაკავებული", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ დასანანია "ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ეს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არცერთ კრიზისულ სიტაუციაში არც ერთმა სპეცრაზმელმა არ იმოქმედოს სახელმწიფოს ინტერესბის დასაცავად".