პარალმენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ სოციალურ ქსელით გავრცელებული ვიდეომასალა სამარცხვინოა. როგორც კობახიძემ საკითხის კომენტირებისას განმარტა გავრცელებული ვიდეომასალიდან ნათლად გამოჩნდა, რომ წინა ხელისუფლებას ადამიანების სიცოცხლე არაფრად უღირდათ.
,,სამარცხვინო კადრებია რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და კიდევ ის კომენტარი რასაც გივი თარგამაძე აკეთებს, საკუთარი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. ამ ყველაფერზე საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რომ არასდროს დავუშვას მსგავსი კატეგორიის ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება. ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იძლევიან მკვლელობის შეკვეთებს და ამაში პრემიებს პირდებოდნენ. ეს არის ის საშინელი რეალობა რაშიც ვცხოვრობდით და კარგია, რომ ისინი ქვეყნის სადავეებს არ ფლობენ. თუმცა, ცუდია, რომ ეს ძალა კვლავ ოპოზიციად მოიაზრება, კვლავ პარალმენტში სხედან და ცდილობენ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო შეცდომაში შეიყვანონ და სააკაშვილი დემოკრატიის ბურჯად გამოიყვანონ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს.