პარალმენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
კობახიძის განმარტებით, ის ბრაიზას პოზიციას კატეგორიულად არ იაზრებს.
,,რა თქმა უნდა, ვერ გავიზიარებ და ვერ დავეთანხმები მეთიუ ბრაიზას განცხადებას, რადგან რაც არ უნდა ანტიტერორისტული შინაარსი ჰქონოდა ამ ღონისძიებას, მის დაგეგმავს აქვს თავისი წესი, ფორმები და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ძალის გამოყენებას_ცეცხლის გახსნას თავისი წესები აქვს და კბილებამდე შეიარაღებულ ადამიანებს არ უნდა უბრძანო, რომ მჭირდება გვამი და საიდანაც გინდა მომიტანეთ ორი გვამი. ეს არის პირდაპირ შეკვეთა მკვლელობის. მეთიუ ბრაიზა ყოველთვის ცდილობდა მათ გამართლებას და ახლაც ცოტა სამარცხვინოა როცა ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს. ალბათ, ამაზე ზედმეტად თავი არ უნდა დავიტვირთოთ, მთავარია, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე. დღეს, ვანო მერაბიშვილის, ახალაიების პოლიტპატიმრის სტატუსით მოხსენიება, პირდაპირ გამართლებაა პირსისხლიანი რეჟიმის, რომელთაც ადამიანების სიცოცხლე არაფრად უღირდათ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მეთიუ ბრაიზამ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო შეფასა და აღნიშნა, რომ ,,თუ იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ასეთ შემთხვევაში დასაშვებია თქვა ფრაზა - "მე მინდა გვამი".
ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს