ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვის, განხორციელების აპრიორი დაუშვებელია იყოს ორი გვამი. როგორც გუშინ გავრცელებული ვიდეოს კომენტირებისას ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოჟორიძემ განაცხადა არ შეიძლება მსგავსი ტიპის მესიჯები მაღლი თანამდებობის პირებისგან მოდიოდეს.
მისივე განმარტებით, გავრცელებული ვიდეო, ცალსახად დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და უნდა დადგინდეს მისი ავთენტურობა.
,,გავრცელებულ ვიდეომასალაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და როგორც ვიცით, პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. უნდა დაგინდეს კადრების ავთენტურობა და ამის შემდეგ გამოძიებამ უნდა განსაზღვროს რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს იმ ქმედებასა და სიტყვებს, რაც გუშინ ვნახეთ. გავრცელებულ ვიდეომასალაში დანაშაულის ნიშნები რომ არის, ვფიქრობ, ცალსახაა. თვითონ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, ეს გამოძიებამ უნდა გვითხრას. მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით თავიდანვე კითხვის ნიშნები არსებობდა, რამდენად კანონის მოთხოვნის დაცვით განხორციელდა სპეცოპერაცია და მართლაც საქმე გვქონდა თუ არა ამბოხთან და ა.შ. მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა მართლაც ის ადამიანები დამნაშავეები ვისაც ამბოხი დაბრალდათ, სპეცოპერაციის დაგეგმვის, განხორციელების აპრიორი დაუშვებელია იყოს ორი გვამი. მსგავსი ტიპის მესიჯი არ უნდა მოდიოდეს მაღალი თანამდებობის პირებისგან, რადგან ეს შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ბრძანება. აღნიშნული ქმედება გამართლდეს მხოლოდ იმის გამო რომ ამბოხს ჰქონდა ადგილი, მართებული არ იქნება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს.