იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ასეთ შემთხვევაში დასაშვებია თქვა ფრაზა - "მე მინდა გვამი", - ასე შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოზე. მისი თქმით, თავად ვიდეო არ უნახავს, მაგრამ გამოძიება უნდა ჩატარდეს.
"არ მინახავს ვიდეო. დღეს დილით მითხრეს ამის თაობაზე. როგორც გავიგე, ჩატარდება გამოძიება, რაც მართებულია. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ დიპლომატიური განცხადების გაკეთებისას შინაარსი, კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა სიტუაცია იყო და რა გარემო. იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია თქვა ფრაზა - "მე მინდა გვამი". არ მინახავს ვიდეო და ის უნდა იყოს გამოძიებული", - აღნიშნა ბრაიზამ.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს