ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი დავით საყვარელიძე გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალას ეხმაურება და წერს, რომ 2009 წლის მაისში საქართველოში კონსტიტუციური წყობის დამხობა იგეგმებოდა.
"2009 წლის მაისში საქართველოში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ ამბოხს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო კონსტიტუციური წყობის დამხობა. ამ ამბოხის გაგრძელების შემთხვევაში იყო რისკი ფართომასშტაბიანი, დიდი სისხლისღვრის და 90-იანი წლების მსგავსი შეიარაღებული დაპირისპირებისა.
ხელისუფლებამ, მაშინ, ერთ დღეში აღმოფხრა ეს საფრთხე და რაც აღსანიშნავია - მსხვერპლისა და დაზარალებულების გარეშე. ამ ამბოხის ორგანიზატორები იყვენენ კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი, ამ პირებს მსგავსი მოქმედება ადრეც ჰქონდათ ჩადენილი - პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდში.
ამ პირების დაკავების ბრძანება და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ ლეგეტიმური ძალის გამოყენება, სრულიად ადეკვატური იყო. ამ ამბოხის ორგანიზატორების დაკავება მოხდა რამოდენიმე კვირის შემდეგ, რა დროსაც მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაწიეს. სპეცდანიშნულების მებრძოლთა მიერ ლიკვიდირებულ იქნა ერთი წინააღმდეგობის გამწევი - გია კრიალაშვილი, ხოლო მეორე - კობა ოთანაძე დაიჭრა. ოთანაძეს გაუწიეს კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება.
ამ ამბოხის ერთ-ერთ მთავარი ორგანაზიტორი კობა ოთანაძე ახალმა ხელისუფლებამ საქმის შესწავლის გარეშე, სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურის მოთხოვნით (მისი პატრონების), პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლა," - ამბობს საყვარელიძე.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს