ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საგადასახადო კანონმდებლობის თემაზე ორთვიანი პრაქტიკული კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა.
მონაწილეებს სერტიფიკატები ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე და დირექტორის მოადგილე გიორგი რაზმაძე.
ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა სწავლება და მომზადება გაიარეს საგადასახადო სფეროს პრაქტიკოს ექსპერტებთან. აიმაღლეს ცოდნა და გამოიმუშავეს პროფესიული უნარები, რაც მათ დასაქმებასა და პრაქტიკულ საქმიანობაში დაეხმარებათ.
სტუდენტები გაეცნენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს საგადასახადო კანონდებლობის მიმოხილვა, კანონდებლობით მოქმედი გადასახადები, საგადასახადო კონტროლი, პასუხისმგებლობა და სხვა მიმართულებები.
პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ტრეინერებად მოწვეულები იყვნენ სსიპ-შემოსავლების სამსახურის ექსპერტები. სწავლების პარალელურად კურსის მონაწილეები შემოსავლების სამსახურის მომსახურების ცენტრსაც სტუმრობდნენ.
ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს და ის აქტიურადაა დაინტერესებული ხელი შეუწყოს სტუდენტების განვითარებას. აკადემია მსგავსი მიმართულების პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები