დიპლომატი მამუკა კუდავა ეჭვს გამოთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორს შეეძლო ისეთი უპასუხმგებლო განცხადების გაკეთება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის პოზიციასთან.
ოსური მედიის მიერ გევრცელებული ინფორმაციის, კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც - ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან, ფილიპ ლეფორმა ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ, ლეონიდ თიბილოვთან შეხვდრიას აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხანია განსაზღვრულია - კუდავამ „ჯი-ეიჩ-ნეთან" საუბარში განაცხადა, რომ თუ ასეთი რამ ითქვა ეს უპასუხიმგებლო საქციელია.
„არასამთავროების წარმომადგენლები შევხვდით ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს ანტი ტურუნენს. მას დავუსვი შეკითხვა ფილიპ ლეფორის თითქოსდა განცხადებასთან დაკავშირებით. ტურუნენმა განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუ დადასტურდა, რომ ფილიპ ლეფორმა მართლა გააკეთა აღნიშნული განცხადება, მაშინ ეს უპასუხისმგებლო საქციელია. თუმცა, ეჭვი მეპარება მსგავსი არაკომპეტენტური, ზაქარეიშვილის განცხადებების მსგავსი, უპასუხისმგებლო და ევროკავშირის პოზიციასთან შეუსაბამო განცხადება გაეკეთებინა ლეფორს. მას კარგად ვიცნობ თბილისში მისი ელჩობის პერიოდიდან და შემდეგ პარიზიდან, როცა ის საფრანგეთის საგარეო უწყებაში ჩვენს რეგიონს კურირებდა", - განაცხადა კუდავამ.
მისივე თქმით, მეტიც, ევროკავშირი ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რისი გამოხატულებაც არის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტის არსებობა.
„ჩემი ინფორმაციით, ფილიპ ლეფორის მანდატის ვადაზე ადრე დამთავრება ევროკავშირის შიდასტრუქტიურული პრობლემატიკით არის განპირობებული. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მალე გაამჟღავნოს ახალი სპეცწარმომადგენლის ვინაობა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კუდავამ.