,,დარწმუნებული ვარ, გიორგი ბადაშვილი პროკურატურის საქმიანობას კიდევ დიდ სტიმულს მისცემს", _განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილის დანიშვნის შეფასებისას.
ალასანიას განმარტებით, მთავარ პროკურორს საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა სჭირდება.
,, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არაერთი კანდიდატურა განიხილებოდა. პრემიერ-მინისტრს ჩვენი მოსაზრებები მოვახსენეთ რის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა მიღეს ეს გადაწყვეტილება და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, და დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურის საქმიანობას კიდევ დიდ სტიმულს მისცემს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ გამოსაძიებელი. მას სჭირდება მთავრობის სრული შემადგენლობისა და საზოგადოების მხარდაჭერა", _განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დანიშნა.
გიორგი ბადაშვილი დაიბადა 1981 წელს. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იგი მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურორატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.
2013 წლის მაისიდან კი გიორგი ბადაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო.
გიორგი ბადაშვილმა კარიერა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან და 2013 წლის მაისამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.