თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე საჰაერო ნავიგაციას ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც აბესაძემ განმარტა ანძის გარე განათება, ციმციმები არანაირ კავშირში არ არის საჰაერო ნავიგაციის შუქურასთან.
,,დღეს, 11:00 საათზე თბილისის მერიაში, ,,სინათლის ქალაქის" დირექტორს ნიკა ტოგონიძის უნდა გაეკეთებინა განცხადება ანძის გარე განათება ციმციმები არანაირ კავშირში არ არის და არ შეიძლება იყოს საჰაერო ნავიგაციის შუქურასთან. შესაბამისად ის უპასუხისმგებლო და უსირცხვილო ტყუილი, რაც საჰაერო ნავიგაციამ გაავრცელა, თითქოს ანძის გარე განათების გამორთვამ პრობლემები შეუქმნა საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოებას ნიკა ტოგონიძეს უნდა გამოეშკარავებინა. თუ კი საჰაერო ნავიგაციის შუქურა მართლა ჩაქრა, ეს ნამდვილად დანაშაულია, იმის მაგივრად რომ პროკურატურას დაეწყო დანაშაულის გამოძიება კვალის დაფარვის მიზნით მოწმეებზე ზემოქმედება დაიწყო ", _განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ
შეგახსენებთ, რომ მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქ.თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტელეანძაზე გაითიშა გარეგანათება და საჰაერო ნავიგაციისათვის განკუთვნილი შუქურა, რითაც შესაძლოა ვერ იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხო ფრენა.
„ვინაიდან, მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და საჰაერო ხომალდისათვის საშიშროების შექმნით, რაც გამოიხატა სანავიგაციო დანადგარისთვის ხელის შეშლაში, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2273-ე მუხლის მე-3 ნაწილით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.