აშშ-ს სენატში უკრაინის საკითხის განიხილვას აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ზბიგნევ ბზეჟინსკი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის, პირიქით, ეს დახმარებაა რუსეთისათვის იმაში, რომ გახდეს ნორმალური, პოსტიმპერიული ქვეყანა.
„უკრაინელები იმსახურებენ იმას, რომ სუვერენულ ევროპულ ქვეყანაში იცხოვრონ. რუსეთის ევრაზიული პროექტი მის პრობლემებს ვერ გადაწყვეტს და ადრე თუ გვიან ავტორიტარიზმი რუსეთში დაიშლება", _ განაცხადა ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა.
მისივე თქმით, რუსეთის ევროპულ განვითარებას ვლადიმერ პუტინი უშლის ხელს და მისი პროექტი ჩავარდნისათის განწირულია.
ამასთან ერთად, ბზეჟინსკიმ განაცხადა ისიც, რომ ის წინააღმდეგია ცივი ომის მეთოდებისა და რომ ახლანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირი სულაც არ არის.
ამასთან ერთად, უკრაინისათვის შესაძლო მაგალითად, ბზეჟინსკიმ პოლონეთი მოიყვანა, ევრომაიდანი მოძრაობა „სოლიდარობას" შეადარა და განაცხადა, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერებმა ამბიციები გვერდზე უნდა გადადონ და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი კანდიდატი უნდა დააყენონ.
გარდა ამისა, ზბიგნევ ბზეჟინსკიმ რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილა და მას უკრაინის საკითხებში ძალისმიერი ჩარევა არ ურჩია.
„პუტინს ფული უთავდება და სავარაუდოდ, მას კრიზისის შედეგების დაძლევა მოუწევს. არსებობს ზღვარი იმაში, თუ რამდენად შეუძლია მას დაეხმაროს იანუკოვიჩს", _ განაცხადა ბზეჟინსკიმ.