ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან პირობა მიიღო რომ დეტალურად განიხილავს აფხაზეთში ,, მაკდონალდსის" გახსნის საკითხს. ამის შესახებ, ჭყონიამ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,ის თემა რაც დღეს არსებობს აფხაზეთთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი შემპირდა რომ დეტალურად განიხილავს და მომცემს პასუხს", _განაცხადა ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ McDonald's-მა საკუთარ გვერდზე ოკუპირებული აფხაზეთი ცალკე ქვეყნად მონიშნა და საკუთარი ბრენდის იქ განვითარების სურვილი გამოთქვა. თუმცა საქართველოში McDonald's-ის ფრანჩაიზას მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამორიცხავს, რომ მისი ნებართვის გარეშე აფხაზეთის ტერიტორიაზე McDonald's-ის რესტორნები გაიხსნას. ამის შესახებ თემურ ჭყონიამ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
როგორც ბიზნესმენი თემურ ჭყონია სააგენტოსთან საუბარში განმარტავს, საქართველოს ტერიტორიაზე McDonald's-ის რესტორნების გახსნის უფლებას ის თავად ფლობს და დაუშვებელია მისი ნებართვის გარეშე აფხაზეთის ტერიტორიაზე ვინმემ McDonald's-ის რესტორანი გახსნას.
,,აქამდე საქმე არ მივა. McDonald's-ი არ არის პატარა კომპანია, მას აქვს თავისი კანონები და კონსტიტუცია"- აცხადებს ბიზნესმენი. როგორც ჭყონია აცხადებს, ის სოჭის ოლიმპიადის შემდეგ დეფაქტო აფხაზეთის მთავრობასთან გამართავს მოლაპარაკებებს და შეთანხმების მიღწევის შემდეგ საქმის კურსში ჩააყენებს საქართველოს მთავრობას, რათა მათ ბიზნესმენს აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირების ნებართვა მისცენ.
„მოლაპარაკებას ვაწარმოებ, ოლიმპაიდის შემდეგ მათთან შეხვედრა მაქვს გეგმაში და ამ თემაზე საუბარი. ჯერ მე დავალაგებ ურთიერთობას და მერე მოვახსენებ საქართველოს მთავრობას და ვნახოთ თუ ნებას მომცემენ"- განაცხადა თემურ ჭყონიამ. შეგახსენებთ, რომ McDonald's-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია არსებული ბაზრებზე იყო კონცენტრირებული და მას ჩვენი ბრენდის განვითარება ახალ ბაზრებზე დროებით გადადებული ჰქონდა. McDonald's -ი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააგრძელებს ამ სტრატეგიით მოქმედებას, მაგრამ მომავალში ჩვენ გავრცელებას დავიწყებთ ისეთ ბაზრებზე, სადაც ამჟამად არ ვიმყოფებით, მათ შორის - აფხაზეთშიც.
აფხაზეთის განვითარების ჩვენი გეგმებიდან გამომდინარე, ჩვენ სამართლიანად განვიხილავთ ყველა კანდიდატის განაცხადს, რომლებიც ყველაზე საუკეთესოდ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს",_ ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" დამფუძნებელი თემურ ჭყონია, რომელიც იმავდროულად საქართველოში McDonald's-ის ფრანჩაიზას მფლობელია, აფხაზეთში "კოკა-კოლას" შეტანას და McDonald's -ის გახსნას ითხოვს.
როგორც 2013 წლის აპრილში ბიზნესასოციაციის წევრების ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, თემურ ჭყონიამ განაცხადა, მან მინისტრების წინაშე დააყენა საკითხი და აფხაზეთის ტერიტორიაზე "კოკა-კოლას" შეტანა მოითხოვა, რომელიც მისი თქმით მხოლოდ მის კომპანიას შეუძლია.
"არსებობს ეკონომიკური რუკა "კოკა-კოლისა" და McDonald's -ის. ამ რუკიდან და ბრენდებიდან გამომდინარე აფხაზეთის ტერიტორია გვეკუთვნის ჩვენ. შეხვედრაზე დავაყენე საკითხი, რომ როგორღაც დამყარდეს ეკონომიკური ურთიერთობები და იქ შესაძლებელი გახდეს "კოკა-კოლას" შეტანა"- აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბიზნესმენმა.მისი განმარტებით, მას ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა განუმარტეს, რომ ამ მიმართულებით კონსულტაციები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან უნდა აწარმოოს.
თემურ ჭყონიას განმარტებით, რუსებს ქონდათ იდეა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე McDonald's -ი გაეხსნათ, თუმც McDonald's -ის სათაო ოფისმა მათ ამის უფლება არ მისცა, რადგანაც აღნიშნულ ტერიტორიაზე McDonald's -ის გახსნა და "კოკა-კოლას" შეტანა მხოლოდ მის კუთვნილ კომპანიებზეა დელეგირებული.
ბიზნესმენის განმარტებით, დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე "კოკა-კოლა" იყიდება, მაგრამ ის იქ არალეგალური გზით არის შეტანილი.