საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ტერმინთა ელექტრონულ ლექსიკონზე მუშაობას იწყებს. ელექტრონული ლექსიკონის შექმნის პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ჩაერთვებიან.
თანამშრომლობის მიზნით, დღეს თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი სამხედრო ტერმინთა შეგროვებას, კლასების მიხედვით დაყოფასა და უცხოური ტერმინოლოგიის თარგმნას უზრუნველყოფს. თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები კი, ინგლისურენოვან და რუსულენოვან სამხედრო ტერმინებს შეისწავლიან და დახვეწენ, ასევე შეიმუშავებენ ტერმინთა ქართულ განმარტებებს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაღრმავებას კონკრეტული მიზანი გააჩნია. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით სამხედრო ტექნიკურ ტერმინთა და ამ ტერმინთა განმარტების ელექტრონულ ლექსიკონს. ეს იქნება მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც შემდგომში გამოიყენებენ სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებები, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი" - აღნიშნა მიხეილ დარჩიაშვილმა.
სამხედრო ტერმინთა ელექტრონულ ლექსიკონზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება. ლექსიკონის სახელმწიფო სტანდარტად მიღებას არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი უზრუნველყოფს.