პროკურატურიდან თანამშრომლების გათავისუფლების საფუძვლები უახლოეს დროში გასაჯაროვდება, - ამის შეახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის ყველა პროცედურა კანონის დაცვით განხორციელდა. თუ რომელიმე ყოფილი მუშაკი თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, კანონი შესაძლებლობას აძლევს, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უახლოეს დროში გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმ თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების შესახებ, რომლებიც მასმედიის საშუალებით ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით", - განმარტავს პროკურატურა.
ცნობისთვის, 2012 წლის ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში მიღებულია 179 თანამშრომელი, ბოლო პერიოდში კი თანამდებობიდან 12 პროკურორ-გამომძიებელი გათავისუფლდა. ამავდროულად გასაჯაროვდება დეტალური ინფორმაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები