ხვალ, 10 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ფონდის პრეზენტაცია. პრეზენტაცია გაიმართება ზურაბ ჟვანიას ფონდის ოფისში.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ ფონდის დამფუძნებლები, დავით გუგუშვილი და ოთარ ყარალაშვილი. პრეზენტაციას დაესწრებიან ფონდის საბჭოს წევრები და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები.
ფონდი შეიქმნა ზურაბ ჟვანიას დედის და ქალიშვილის ინიციატივით. ფონდის შექმნის მიზანია საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, რაც ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა; ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ზურაბ ჟვანიას ინტელექტუალური და მატერიალური მემკვიდრეობის პატრონობა და მოვლა; ზურაბ ჟვანიას ნაშრომების გამოცემა და პოპულარიზაცია და კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის პრემიებისა და სტიპენდიების დაარსება/გაცემა.