ზაქარეიშვილი სახელმწიფო დონეზე ახორციელებს საქართველოს დაშლის საერთაშორისო მასშტაბით სამართლებრივი გაფორმების პოლიტიკას, - აცხადებს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე „ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ კომენტარში, რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.
„ისე არაფერი მაბრაზებს ამ ქვეყნად, როგორც ეს აშკარა ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. ზაქარეიშვილი წლების მანძილზე ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაზეა "დასპეცებული", ადრე თუ ამაში გრანტებს იღებდა, ახლა სახელმწიფო დონეზე ახორციელებს საქართველოს დაშლის საერთაშორისო მასშტაბით სამართლებრივი გაფორმების პოლიტიკას", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან„ საუბარში თამარ ჩხეიძემ.
ჩხეიძე განმარტავს, რომ სამინისტროს სათაურში ტერმინი "შერიგების" შემოტანით ამოგდებულია მთავარი მიზნის - გაერთიანების ხსენება.
„სამინისტროს სათაურში ტერმინი შერიგების შემოტანით, ჯერ ერთი ამოაგდეს მიზნის - კვლავ გაერთიანების -ხსენება, მთავარი ესაა და თანაც კვლავ ხაზი გაუსვეს, რომ ცენტრალური თემა - ერთი მხრივ ქართველების და აფხაზების, ხოლო მეორეს მხრივ ქართველების და ოსების ეთნიკურ კონფლიქტია და არა რუსეთის მხრიდან უბრალოდ ჩვენი მიწის წაგლეჯა. თანაც ამ მიმდინარეობის ვითომ ლიბერალები იმ აზრსაც უწევენ პოპულაციას, რომ ეს კონფლიქტი ჩვენი ბრალია, ჩვენ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ, რომლებსაც ეთნოწმენდა და გენოციდი ჩაგვიტარეს, ჩვენი მიწიდან გამოგვყარეს, რომლებიც (და ეს უბრალოდ უტყუარი სტატისტიკაა) ყოველთვის დისკრიმინირებული ვიყავით აფხაზეთში, ჩვენივე მიწაზე", - განაცხადა ჩხეიძემ
ჩხეიძე არ გამორიცხავს დიალოგის საჭიროებას, მაგრამ დასძენს რომ ამ პროცესში პრობლემას ქმის რუსეთი.
„სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ საჭიროა დიალოგი და ურთიერთობა პირდაპირ აფხაზებთან, ოსებთან, პირიქით ეს ძალიან სასურველია, ძალიან სასარგებლოა მიუხედავად ოკუპაციისა ვეცადოთ მათ ინტეგრაციას ჩვენს საზოგადოებაში თუნდაც ყოფით დონეზე, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პრობლემას ისინი კი არა, რუსეთი ქმნის, რომ საქმე ნამდვილ ეთნოკონფლიქტთან კი არა, ჩვეულებრივ აგრესიასა და ოკუპაციასთან გვაქვს. ძალიან მოდაშია იმის აღნიშვნა, რომ თავად ოსებმა და აფხაზებმა უნდა მოინდომონ ჩვენთან ყოფნაო. კი ბატონო, ეს ნამდვილად სასურველია, მაგრამ მთავარი ამოსავალი ის არის, რომ საქმე ჩვენგან უკანონოდ მიტაცებულ ჩვენს მიწას ეხება, მისი დაბრუნება, აფხაზებსა და ოსებს რომაც ვინმე ეკითხებოდეს - და ცხადია, რუსები მათ არაფერს ეკითხებიან - უპირობოა და არც ვინმესთან შერიგებაზეა დამოკიდებული და არც ზაქარეიშვილის თეორიებზე", - აცხადებს ჩხეიძე.
მისი თქმით, დაბრუნებისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მთავარი დღეს საერთაშორისო მასშტაბით აქტიურად და მტკიცედ არაღიარების პოლიტიკის გატარება, ოკუპაციასთან არ შეგუებაა , რაც არ გამორიცხავს პარალელურად მუშაობას, მათ შორის აფხაზებთან და ოსებთან.
„აუცილებლად დადგება ხელსაყრელი მომენტი, როდესაც რუსეთი ხელს ვეღარ შეუშლის ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას, მთავარია, მანამდე ვერ შეძლოს ქართველების ხელით საფუძველი გამოაცალოს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა თამარ ჩხეიძემ და დასძინა, - „მთავრობის და საზოგადოების დონეზე კი ვხვდები რა უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ასეთ საზოგადოებაში და ასეთი ხელისუფლების პირობებში უშუალოდ ჩვენ (მე, თქვენ, ჩვენნაირებს) ძალიან შეზღუდული ბერკეტები გვაქვს და მეც თქვენსავით მიჭირს გავიგო რა ვაკეთოთ. მაინც ალბათ შესაძლებლობისდაგვარად ხელი უნდა შევუშალოთ ზაქარეიშვილისნაირთა ხელით წარმოებულ ანტისახელმწიფოებრივ პროცესებს".