დადგა ახალი წელიწადი და ნება გვიბოძეთ, ასე გიკვლიოთ:
ღმერთმა ხანგრძლივი დრო მოგცეთ სიცოცხლისათვის, ხოლო იცოდეთ კი, რომ "დრო ხანგრძლივია მისთვის, ვინც კარგადა ჰხმარობს, ვინც ირჯება, აზროვნობს და ჰფიქრობს, იგი დროთა საზღვარს შორს გასდგამს ხოლმე".
ღემრთმა გაგაძლიეროთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ადამიანი ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა მცოდნეა და განათლებული".
ღმერთმა დიდი კაცობა მოგცეთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ვინც კარგად ემსახურება თავის სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდკაცობროდაც დიდია".
ღმერთმა გაგაბედნიეროთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ თუ გნებავთ ბედნიერი იყვეთ, "უნდა ერთის ხელით უმანკოებას ჰშველოდეთ და მეორით სვრიდეთ ავკაცობასა".
ღმერთმა წყენა გაშოროთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ
"სხვისა წყენისა დაკლებით
თქვენიცა განჰქარდებიან".
ღმერთმა ყოველი საქმე კარგად წაგიმართოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ საქმეს კარგად წარმართავს მარტო ჭკვიანი გული და გულიანი ჭკუა.
ღმერთმა ყოველი მწუხარება აგაცილოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "უკეთესი წამალი მწუხარებისა იგია, როცა სხვას მწუხარებისაგან დაიხსნით".
ღმერთმა უბედურებისაგან გიხსნათ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ვისაც თავის დღეში არავინ გაუუბედურებია, იმას იმედი უნდა ჰქონდეს, რომ თვითონაც თავის დღეში უბედური არ იქნება".
ღმერთმა იმოდენა უნარი მოგცეთ, რომ თქვენს ძალ-ღონეს დაენდოთ, სხვის იმედზედ არ იყვნეთ, იმიტომ რომ "იგი ჭკვიანი არ არის, ვინც არ იცის თავს როგორ უშველოს".
ღმერთმა ჯანმრთელი გამყოფოთ, ხოლო იცოდეთ, რომ "თუ გნებავთ სიმრთელე შეჰრჩეს თქვენს სულსა და ხორცსა, გულის ნებას და მადას გაძღომამდე ნუ მიიყვანთ".
ღმერთმა მოგცეთ სიყვარული მართლისა და იცოდეთ, რომ "თუ ბოროტი ხართ, შეგიძულებენ, თუ კეთილი ხართ, ზოგჯერ მოგატყუებენ და თუ მართლის მოყვარე ხართ, თაყვანსა გცემენ".
ღმერთმა სიბრძნე და სათნოება მოგანიჭოთ და იცოდეთ, რომ "სიტურფე, ნიჭიერება, ჭკუა და სხვა ყოველივე სცვდება, გარდა სიბრძნისა და სათნოებისა".
ღმერთმა უმაღლესს ღირსებამდე მიგახწევინოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ყველაზედ უტყუარი ნიშანი უმაღლესის ღირსებისა შურის არქონაა".
ღმერთმა ნუ მოგაკლოთ პატიოსნება და იცოდეთ, რომ "ვაჟკაცს გმირს მარტო იმის უნარი აქვს, დიდბუნებიანს ყოველაფრისა, ხოლო ერთიცა და მეორეც ვერ აიწონენ ერთად, რასაც ერთი პატიოსანი კაცი იწონს".
ღმერთმა არც მფლანგავი გქმნას, არც ძუნწი და იცოდე, რომ "ვინცა ჰფლანგავს, იგი თავის მემკვიდრესა ჰპარავს, ვინცა ჰძუნწობს, იგი ჰპარავს თავის თავსა".
ღმერთმა გიხსნათ სიღარიბისაგან, ხოლო იცოდეთ კი, რომ "კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონესა და როცა წადილი მეტი აქვს ქონებაზედ".
ღმერთმა ღონე მოგცეთ და გაგაძლიეროთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ღონე იმისთვის მოუნიჭებია ჩვენთვის ღმერთს, რომ ჩვენი ქონება შევინახოთ და არა იმისათვის, რომ სხვისა დავიჩემოთ და დავისაკუთროთ".
ღმერთმა ბევრი ფული მოგცეთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ "ფული ბატონად ძალიან ცუდი ბატონია და მოსამსახურედ კი მეტად კარგი მოსამსახურეა. არც კი ეს დაივიწყოთ, რომ "ყოველთვის, როცა კაცს ბუზმენტებით მორთულსა ჰხედავთ, იცოდეთ, რომ მის მახლობლად სხვა კაცი ძონძშია გახვეული".
ღმერთმა მაგარი ხასიათი მოგცეთ და იცოდეთ, რომ "ჭკვიანი კაცი კი მალე წახდება, თუ ჭკუასთან ერთად სიმაგრე ხასიათისა არა აქვს. ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს".
ღმერთმა მშვიდობა და მოსვენება მოგცეთ, ხოლო იცოდეთ, რომ "ყველაზედ ტკბილი მოსვენება იგია, რომელიც შრომით არის ნასყიდი".
ღმერთმა ერთმანეთის ძმობა, ერთობა მოგმადლოთ და იცოდეთ, რომ "დიდად ძალოვანი კაციც კი უღონოა, თუ მოძმენი მხარს არ მისცემენ". არც ეს დაივიწყოთ, რომ "როცა ჭკვიანები და პატიოსნები ერთად მოქმედობენ, მაშინ სულელნი და ფლიდნი უღონონი არიან".
ღმერთმა გიმრავლოთ და გიდღეგრძელოთ შვილები, ხოლო იცოდეთ კი, რომ
სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა
უწვრთელის შვილის ყოლასა.
დასასრულს გისურვებთ, ღმერთმა თქვენის ქვეყნის სიყვარული გაგიძლიეროთ და იცოდეთ, რომ "რაც უნდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსანს გულში მაინც ყველაზედ დიდი ადგილი უჭირავს".
ამინ და კირილეისონ!..
ილია ჭავჭავაძე,
ტფილისი, 31 დეკემბერი
რედაქციისგან: დიდი ილიას ამ მრავლისმთქმელ მილოცვაზე უკეთ ჩვენ ვერ ვიტყოდით. ვუერთდებით მის ყოველ სიტყვასა და პათოსს. მით უფრო, რომ საუკუნის შემდეგაც ილიას ეს სიტყვები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის კვლავაც აქტუალურია.
ახალ წელს გილოცავ!